1.ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებას სააგენტო ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით.
2.კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ქონის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია: ა) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს, იქონიოს მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემისთვის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობით განსაზღვრული არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად; გ) ნორმატიული აქტებით განსაზღვროს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები.
3.თუ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური ან სასადგურე ინფრასტრუქტურა არ იძლევა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების საშუალებას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ქონის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია: ა) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს სათანადო აპარატურა ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; ბ) ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების წესი და პროცედურა.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან ზედამხედველ მოსამართლეს.
5.სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებას იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით.
6.სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებას ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან/და არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით.
7.სააგენტო ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებასა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებას ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3283 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4258 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4598 – ვებგვერდი, 05.08.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1316 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1301 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
