1.სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივების დარღვევის ან/და ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების ან/და სადაზღვევო ვალდებულებების შეუსრულებლობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 1 1 . დროებითმა ადმინისტრატორმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის დღისა, უნდა შეატყობინოს დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ იმ საგადახდო სისტემის ოპერატორს, რომლის სისტემის მონაწილეც არის მზღვეველი.
2.მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლების, დროებითი ადმინისტრატორის, იძულებითი ადმინისტრაციის პროცესის ხანგრძლივობისა და შესაძლო ზომების თაობაზე.
3.მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს იძულებითი ადმინისტრაციის პროცესს.
4.მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობის შესრულებას იწყებს იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული თარიღიდან.
5.იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება მზღვეველის სახელით და მისი ხარჯით მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე.
6.მზღვეველის დროებით ადმინისტრატორზე გადადის მზღვეველის ყველა მმართველი ორგანოს სრული უფლებამოსილება, რომელსაც იგი დადგენილი წესით, სამსახურთან შეთანხმებით ახორციელებს.
