კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Article 30^1. ადრეული ინტერვენცია
1. თუ ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას საზედამხედველო ზომების გამოყენებამ შედეგი არ გამოიღო ან თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ზომების მიღება შესაბამისი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება, კომერციული ბანკისა და საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშესაწყობად და კომერციული ბანკის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დასაცავად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომების მიღებასთან ერთად დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი. დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ამასთანავე, არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. ეროვნული ბანკი გამოსცემს კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი სხვა საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს დროებითი ადმინისტრატორის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან. კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება აგრეთვე ბეჭდვით ორგანოში. დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობათა შესრულებას იწყებს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან.
