Article 70
1. საზღვაო ნავსადგური არის იმ სანავსადგურე ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც განლაგებულია განსაზღვრულ გეოგრაფიულ ადგილზე და რომელშიც შეიძლება მდებარეობდეს ერთი ან ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეული.
2. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორია მოიცავს მისთვის გამოყოფილ სახმელეთო ტერიტორიას, ხოლო აკვატორია − მისთვის გამოყოფილ ზღვის სივრცეს.
3. სანავსადგურე ერთეული უზრუნველყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიისა და აკვატორიის მზადყოფნას უსაფრთხო ნაოსნობისთვის.
4. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის, მისი 1988 წლის ოქმის, ცვლილებათა გათვალისწინებით, V თავის მოთხოვნათა შესაბამისად. 4 1 . საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის სისტემის ფუნქციონირებისა და კონტროლის წესები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
5. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში ხორციელდება შემოსული გემების დატვირთვა-გადმოტვირთვა, მომსახურება, საწვავით მომარაგება, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება, ტვირთის სატრანსპორტო-საექსპედიტორო, შენახვის, დაგროვების, შეფუთვისა და საწყობში განთავსების ოპერაციები, მისი ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე გადატვირთვა, მგზავრთა მომსახურების, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ოპერაციები და სხვა. 5 1 . სანავსადგურო მომსახურების მისაღებად საქართველოს ნავსადგურებში ფუნქციონირებს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა, რომლითაც განმცხადებელი ასრულებს ანგარიშგების ვალდებულებას. განმცხადებელს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მხოლოდ ერთხელ, გემის ნავსადგურში შესვლისას, აგრეთვე გემის ნავსადგურიდან გასვლისას. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების გაწევის კოორდინაციისა და ადმინისტრირებისთვის. ყველა სხვა კომპეტენტური ორგანო მონაწილეობს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებაში და ახორციელებს თავისი საქმიანობის კოორდინირებას სააგენტოსთან. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის განვითარებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისა და შესრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოა საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტი. 5 2 . საქართველოს მთავრობა დადგენილებით ამტკიცებს „საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესს“.
6. საქართველოს იმ საზღვაო ნავსადგურების ნუსხას, რომლებიც ღიაა უცხო ქვეყნების გემებისათვის, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და იგი ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. ამ ნუსხის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.
7. სამხედრო ნავსადგურების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხი რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1286 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4165 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
