საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 201. მოპასუხის პასუხი (შესაგებელი)
1. მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
2. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც მას შეაქვს პასუხი; ბ) მოპასუხის, მისი წარმომადგენლის (თუ პასუხი (შესაგებელი) შეაქვს წარმომადგენელს), მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. პასუხში (შესაგებელში) შესაძლოა მოპასუხემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ მოპასუხე იურიდიული პირია ან ინდივიდუალური მეწარმეა − თავად მოპასუხე, ხოლო თუ მას ჰყავს წარმომადგენელი (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა) − მისი წარმომადგენელი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; გ) ცნობს თუ არა მოპასუხე სარჩელს და რა ნაწილში; დ) თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ; ე) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს; ვ) რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს სარჩელის დასაშვებობას; ზ) არსებობის შემთხვევაში, მოპასუხის შუამდგომლობები: ზ.ა) ხომ არ ექნება აცილება სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ და ა. შ.; ზ.ბ) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად; ზ.გ) რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული სასამართლო სხდომაზე; ზ.დ) სხვა სახის შუამდგომლობები; თ) პასუხისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა; ი) მოპასუხის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე; კ) მოპასუხის მოსაზრება დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე. 2 1 . მოპასუხის წერილობით პასუხში შესაძლებელია მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებსაც ემყარება მოპასუხის პოზიცია.
