1.სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან ლიკვიდატორის მოთხოვნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო განიხილავს სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირების საკითხს.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს; გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას; დ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას; ე) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას; ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია და სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილება საფრთხეს არ უქმნის კრედიტორებს) და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
4.სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მომდევნო 5 დღეში საკითხს განიხილავს არსებითად, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოიტანს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა განმცხადებლის (განმცხადებლების) მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მისი (მათი) გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.
5.შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო დაადგენს სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების 3-თვიან ვადას, რომელიც აითვლება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან.
6.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. კარი მეექვსე უდავო წარმოება თავი XXXV ზოგადი დებულებანი






