Article 3
1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 14-დან 18 წლამდე პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება, აგრეთვე მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიუსაფარი ბავშვის, რომელიც არის 14-დან 18 წლამდე ასაკის (შემდგომ − მიუსაფარი ბავშვი), ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსხვერპლის, რომელიც არასრულწლოვანია (შემდგომ − ძალადობის მსხვერპლი ბავშვი), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ან/და მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.
2. საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის აღება სურვილის შემთხვევაში ასევე შეუძლია 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს. 2 1 . საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ბინადრობის მოწმობა. 2 2 . საქართველოს მოქალაქის და საქართველოში მცხოვრები უცხოელის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად აუცილებელია მათი რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ემიგრაციის ნებართვის საფუძველზე მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრა სხვა სახელმწიფოში.
