1.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. იგი დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
2.თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სახდელის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება.
3.რაიონული (საქალაქო) სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
4.წინასაარჩევნო პერიოდში რაიონული (საქალაქო) სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის მასალების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 72 საათის განმავლობაში ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა.
5.რაიონული (საქალაქო) სასამართლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით ყადაღის დადების საკითხს განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის მასალების წარდგენიდან 48 საათის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. ყადაღის გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა.
