Article 22^4. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო
1. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსითა და საქართველოს ანტიდოპინგური წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
2. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე იღებს მიზნობრივ დაფინანსებას სამინისტროსგან. იგი უფლებამოსილია მიზნობრივი დაფინანსება მიიღოს აგრეთვე საერთაშორისო და საქართველოს სპორტული ორგანიზაციებისგან.
3. საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ანტიდოპინგურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ქმედებები ხორციელდება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს, საერთაშორისო სპორტული ფედერაციის ან სპორტული ღონისძიების ორგანიზატორის მიერ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ შესაბამისი ნორმების საფუძველზე.
4. საქართველოს ანტიდოპინგური წესები ვრცელდება ყველა ეროვნულ სპორტულ ფედერაციაზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ყველა სპორტსმენზე, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
5. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო: ა) შეიმუშავებს და ახორციელებს ანტიდოპინგური საქმიანობის განვითარების ერთწლიან პროგრამას. ეს პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო ანტიდოპინგურ კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს; ბ) ახორციელებს დოპინგის კონტროლს; გ) საქართველოს ანტიდოპინგური წესებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევის პრევენციას, საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევისა და მასში სპორტსმენების, სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის წევრების ან სხვა პირების მონაწილეობის ფაქტების გამოვლენას და უზრუნველყოფს ამ წესების დარღვევის შედეგებზე სათანადო რეაგირებას შესაბამისი სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოსთვის მიმართვით; დ) ყოველი კალენდარული წლის ბოლომდე თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების განახლებულ ნუსხას; ე) დოპინგის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით მუდმივად უზრუნველყოფს დოპინგის კონტროლის განხორციელებაში ჩართული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას; ვ) დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ახორციელებს ყველა სხვა ღონისძიებას, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსითა და საქართველოს ანტიდოპინგური წესებით.
6. ანტიდოპინგური წესების დარღვევის განმხილველი სადისციპლინო და სააპელაციო მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს ანტიდოპინგური წესებითა და შესაბამისი სადისციპლინო/სააპელაციო ორგანოს დებულებით, რომელიც დამტკიცებამდე და ძალაში შესვლამდე მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ უნდა დაადასტუროს.
7. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო წელიწადში არანაკლებ ერთხელ, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში − დამატებით სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური საქმიანობის განვითარების ერთწლიანი პროგრამის განხორციელების თაობაზე. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სპორტის შესახებ
