პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 13^3. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო
1. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო არის ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტებისთვის, რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოა განსაზღვრული.
2. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო თავის უფლებამოსილებას პროპორციულობის პრინციპის დაცვით, დამოუკიდებლად, ობიექტურად და მიუკერძოებლად ახორციელებს.
3. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად თანამშრომლობს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ორგანოებთან, შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებთან.
4. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
5. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.
