1.ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია დაუყოვნებლივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნისთანავე უნდა შეწყდეს. შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
2.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი, რომ, თუ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა მასობრივი დარღვევა უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ შეწყდება, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. ამ გაფრთხილების მიღებისთანავე ორგანიზატორი ვალდებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრისკენ მოუწოდოს და განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება.
3.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის ან/და ამ კანონის 11 1 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი, რომ, თუ მასობრივად გადაკეტილი ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნება, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. ამ გაფრთხილების მიღებისთანავე ორგანიზატორი ვალდებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დარღვევის აღმოფხვრისკენ მოუწოდოს და განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა გაიხსნას ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი. ამასთანავე, სათანადო გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს მისი დემონტაჟი.
4.თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ მოუწოდა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და არ მიმართა ყველა გონივრულ ქმედებას, მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
5.შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ ამ კანონის მე- 11 მუხლის მოთხოვნათა ინდივიდუალურად დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 5 1 . ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისთვის კანონის დარღვევის შესაწყვეტად 15 წუთის მიცემა არ გულისხმობს იმას, რომ, თუ იგი ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა ჩადენილად არ ეთვლება. შეკრების ან მანიფესტაციის აღნიშნულ მონაწილეს კანონდარღვევის ჩადენის მომენტიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
6.თუ ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებმა გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში იმავე პუნქტით გათვალისწინებული მასობრივი კანონდარღვევა არ შეწყვიტეს ან ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, თუმცა მასობრივი კანონდარღვევა გაფრთხილებიდან 15 წუთის განმავლობაში მაინც არ შეწყდა, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ითვლება. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ, ამასთანავე, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
7.შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც სამი სამუშაო დღის განმავლობაში , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს თითოეულ ინსტანციაში .
8.ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით საჯაროდ შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე ამ შეკრების ან/და მანიფესტაციის მონაწილეებს განუმარტავს აღნიშნული შეკრების ან/და მანიფესტაციის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და მოსთხოვს მის შეწყვეტას. თუ ამ მოთხოვნიდან 15 წუთის განმავლობაში შეკრება ან/და მანიფესტაცია არ შეწყდა, სამართალდამცავი ორგანო მის შესაწყვეტად გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502- ვებგვერდი, 27.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4451 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.





