პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
For information only — not legal advice.
1. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გამოავლენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტის დარღვევას, იგი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე: ა) მოითხოვოს დარღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება; ბ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, თუ მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის განხორციელებული ღონისძიებები და პროცედურები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება; დ) მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის შეწყვეტა, თუ მონაცემთა გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება; ე) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს მის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წესების უმნიშვნელოდ დარღვევის შემთხვევაში; ვ) დამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
2. მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს მისი მოთხოვნები და მათი შესრულების შესახებ აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
3. თუ მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი არ შეასრულებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოს ან/და შესაბამისი სფეროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედამხედველ (მარეგულირებელ) სახელმწიფო დაწესებულებას.
4. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გამოავლენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და, შესაბამისად, მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
5. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, იგი ვალდებულია ამის შესახებ კანონით დადგენილი წესით აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
6. მონაცემთა დაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა და იგი კანონით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
Closest in meaning — including in other laws
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ