საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 103. დამსწრის უფლება-მოვალეობანი
1. დამსწრე ვალდებულია: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერით დაადასტუროს ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მისი მიმდინარეობა და შედეგები; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები.
2. თუ დამსწრე უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. დამსწრე შეიძლება დაიკითხოს, როგორც მოწმე, იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებულ გარემოებათა შესახებ, რომელშიც იგი მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში მას აქვს მოწმის უფლება-მოვალეობები.
4. დამსწრეს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გააკეთოს განცხადება საგამოძიებო მოქმედების გამო და გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
