საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 13. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
1. არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის, საფოსტო გზავნილის, პირადი ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით გადაცემული ან მიღებული პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.
2. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, ჩხრეკა და ამოღება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეამოწმოს მოსამართლემ მათ შესახებ მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს აღნიშნული საპროცესო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს.
