საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 12. პიროვნების ხელშეუხებლობა, მისი პატივისა და ღირსების დაცვა
1. ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების დაცვის უფლება.
2. დაუშვებელია თავისუფლების შეზღუდვა კანონიერი საფუძვლისა და წესის გარეშე. დაკავებულსა და დაპატიმრებულს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაკავებისა თუ დაპატიმრების მიზეზი, საფუძველი და დანაშაული, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია ან რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება.
3. დაუშვებელია პირის 48 საათზე მეტი ხნით დაკავება. პირის დაპატიმრება ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). მოსამართლე, სასამართლო, პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი.
4. უკანონოდ და დაუსაბუთებლად თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს მისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება.
5. დაუშვებელია პროცესის მონაწილეთა თუ სხვა პირთა მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, აგრეთვე მათი პატივისა და ღირსების შემლახავი მეთოდების გამოყენება.
