საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 136. მოპყრობა პირისადმი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება
1. პირი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება, ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, მოქალაქეობას, სამართალსუბიექტობას და სარგებლობს სახელმწიფო დაცვით.
2. შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირის ყოფნის რეჟიმთან, დგინდება მხოლოდ კანონით.
3. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს აქვს უფლება შეძლებისდაგვარი შრომისა, რომელიც ანაზღაურდება მისი რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, აგრეთვე უფლება ნორმალური დასვენებისა, რომელიც საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ პირს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნარჩუნდება: შრომის სამართლებრივი ურთიერთობა საწარმოსთან, ორგანიზაციასთან ან დაწესებულებასთან, სადაც ის მუშაობდა დაკავების, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების წინ; საცხოვრებელი ბინის უფლება; საკუთრების უფლება მესაკუთრის ცალკეული უფლებამოსილების დროებით შეზღუდვით; ქონების ანდერძით და მემკვიდრეობით გადაცემის უფლება; დაქორწინების უფლება; შემოქმედებითი საქმიანობის უფლება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საერთომოქალაქეობრივი უფლებები; პოლიტიკურ ცხოვრებაში – არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში, საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის უფლება. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვანს აგრეთვე საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღოს ზოგადი განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამით.
