საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 4. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედება სივრცეში
1. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო სამართალწარმოების დროს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.
4. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.
