1.სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან (პირველი ეტაპი), აგრეთვე იმ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას და გავლენას ახდენს სასჯელის სახესა და ზომაზე (მეორე ეტაპი).
2.მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე წარადგენს, შემდეგ – დაცვისა. სასამართლო მტკიცებულებას არ წარადგენს, მაგრამ ხელს უწყობს მხარეებს მათს გამოთხოვაში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს შეიძლება დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ბრალდების მხარის თანხმობით. 2 1 . დაცვისა და ბრალდების მხარეები თავად უზრუნველყოფენ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა წარმოდგენას. მტკიცებულების წარმოსადგენად სასამართლო მხარეებს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. ამ ვადის განმავლობაში სასამართლო ატარებს სულ მცირე ერთ სასამართლო სხდომას. თუ აღნიშნულ ვადაში მხარეებმა ვერ უზრუნველყვეს მოწმის (მოწმეების) გამოცხადება, მოსამართლე უფლებამოსილია მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე განუსაზღვროს მას დამატებითი ვადა მტკიცებულების წარმოდგენისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიტანოს დადგენილება (განჩინება) მოწმის იძულებითი წარმოდგენის შესახებ. თუ მხარე კვლავ ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულების წარმოდგენას დანიშნულ ვადაში, სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით გამოიტანოს გადაწყვეტილება მტკიცებულების გამოქვეყნების თაობაზე. 2 2 . თუ მხარე არ შუამდგომლობს რომელიმე მოწმის დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ მოწმის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია.
3.შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ბრალდების ან დაცვის მხარე დაკითხავს მოწმეს, მოწინააღმდეგე მხარე კითხვებს უსვამს დაკითხულ მოწმეს (ჯვარედინი დაკითხვა) და მოწმის გამომძახებელი მხარე ისევ უსვამს მას კითხვებს (ხელახალი დაკითხვა).
4.ბრალდების მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მითითებულია საბრალდებო დასკვნის დანართში. თუ ახალი მტკიცებულება გამოვლინდა სასამართლო განხილვისას, სასამართლო აცხადებს შესვენებას იმ დროით, რომელიც საჭიროა დაცვისათვის ამ მტკიცებულების გასაცნობად. დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რათა ამ მტკიცებულებას გაეცნოს ბრალდების მხარე. დაცვის მხარე მტკიცებულებებს (მათ შორის, მოწმის სახით დასაბარებელ პირთა სიას) სასამართლოში წარადგენს სასამართლო სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.
5.თუ დამკითხავი განსასჯელს, დაზარალებულს ან მოწმეს უსვამს შეურაცხმყოფელ, მისახვედრ ან ისეთ კითხვებს, რომლებიც საქმეს არ ეხება, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს განაცხადოს პროტესტი. სასამართლო აკმაყოფილებს ან უარყოფს პროტესტს. სასამართლოს უფლება აქვს ასეთი კითხვები თავისი ინიციატივითაც განარიდოს. კითხვის დასასმელად და დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ვადას.
6.მხარე თავად ირჩევს დაკითხვის მეთოდს: ჯერ თავისუფალი თხრობა, შემდეგ კითხვა-პასუხი, ან მხოლოდ კითხვა-პასუხი.
7.მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება დაისვას, განხილულ იქნეს და გადაწყდეს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და განხილვიდან ამოღების საკითხი. აღნიშნული შუამდგომლობები უნდა დადგეს ერთად სასამართლო გამოძიების სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ.
8.(ამოღებულია).
9.დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო აცხადებს, რომ გადადის იმ მტკიცებულებათა განხილვაზე, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას, შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. მტკიცებულებას წარადგენენ და იკვლევენ 474-475-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. მხარეები განსჯის საგნად აქცევენ განსასჯელის ადრინდელ ნასამართლობას, მის სამსახურებრივ დახასიათებას, მონაცემებს ოჯახსა და სამსახურში მისი ქცევის, დამსახურების, ჯილდოების შესახებ და სხვა მონაცემებს. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89



