1.განაჩენის, განჩინების ან დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ განკარგულებას მოსამართლე (სასამართლო) სასამართლო გადაწყვეტილების ასლებთან ერთად უგზავნის განაჩენის აღმსრულებელ ორგანოს.
2.განაჩენის აღმსრულებელი ორგანო აღსრულების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გადაწყვეტილების გამომტან პირველი ინსტანციის სასამართლოს.
3.თუ განაჩენი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის საპატიო, სამხედრო ან სპეციალური წოდების ანდა სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევას, სასამართლო განაჩენის ასლს უგზავნის ორგანოს, რომელმაც მსჯავრდებული დააჯილდოვა ანდა მიანიჭა მას საპატიო, სამხედრო ან სპეციალური წოდება.
4.დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი.
5.თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება – თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი მზრუნველობისათვის გადასცეს შესაბამის დაწესებულებას, ნათესავებს ან სხვა პირებს, იგი ამის შესახებ აცნობებს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს, აგრეთვე მსჯავრდებულს.
6.მსჯავრდებულის უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონებისა და ბინის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სასამართლო აკისრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89






