1.თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება სასამართლომ შეიძლება გადაავადოს სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – დადგენილებით (განჩინებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) მსჯავრდებული დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე; ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე; გ) მსჯავრდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს – სანამ ბავშვი 5 წლის გახდება; დ) სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
2.ჯარიმის გადახდა, თუ დაუყოვნებლივ გადახდა შეუძლებელია, შეიძლება გადავადდეს ან განაწილვადდეს 6 თვემდე ვადით.
3.სამოქალაქო ნაწილში განაჩენის აღსრულების გადავადების ან განაწილვადების საკითხს სასამართლო წყვეტს მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
4.განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის, ახლო ნათესავის ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2271 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.321




