Article 49^2. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა
1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღოს წერილობითი ინფორმაცია აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ.
2. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს უცხო ქვეყანაში აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქართველოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე.
3. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დაუშვებელია გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება.
5. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნიდან ჩამოსული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ეთვლება მისთვის დადგენილ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
უმაღლესი განათლების შესახებ
