განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
Article 24. აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/აბიტურიენტების/ მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება, რომელთა აკრედიტაციაზედაც უარი ეთქვა, აკრედიტაცია გაუუქმდა ან აკრედიტაციის ვადა გაუვიდა; ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა ამ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაიტანოს; გ) სტუდენტს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
