1.საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სახელწოდებისა, მისამართისა და საიდენტიფიკაციო ნომრისა.
2.საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემთა საიდუმლოება, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; ბ) სამართალდამცავ ორგანოებს – ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; გ) სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით; დ) სხვა სახელმწიფოთა საგადასახადო ორგანოებს – საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად; ე) აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში; ვ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) – საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების ერთობლივი ბრძანების შესაბამისად; ზ) საქართველოს კონტროლის პალატას – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
3.საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები ვალდებულნი არიან, დაიცვან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება და გამოიყენონ მხოლოდ იმ მიზნის მისაღწევად, რის გამოც მათთვის ნებადართულია ამ ინფორმაციის გაცემა.
4.პირს, რომელმაც მიიღო ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არა აქვს გაახმაუროს ამ ინფორმაციის საიდუმლოება და ვალდებულია მისი ამსახველი დოკუმენტები დაუბრუნოს საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაცია მიღებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
5.საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად ითვლება საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის, მოწვეული სპეციალისტის ან/და ექსპერტის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებისას გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაციის პირადი მიზნებისათვის გამოყენება ან სხვა პირისთვის გადაცემა.
6.ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების მიმართ.
7.საგადასახადო ორგანოებში არსებული საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირები.
8.საგადასახადო საიდუმლოების ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის მიერ თავისი საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება ჩაითვლება ამ გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე.
10.ცნობები გადასახადის გადამხდელის შესახებ მისი აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან ითვლება საგადასახადო საიდუმლოებად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3979 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.347 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №218 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.134 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №881 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.315 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1965 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.254 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი №2294 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.325 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 კარი VII საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა თავი XVII საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზოგადი დებულებანი


