საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 206. თანამფლობელობა
1. იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე ერთზე მეტი პირის საკუთრების ან/და ერთობლივი საქმიანობის ბაზაზე ამხანაგობის ან სხვა წარმონაქმნის თანამფლობელობის შემთხვევაში დასაბეგრი მოგება (შემოსავალი) მიეკუთვნება მათ მფლობელებს (წევრებს) წილის შესაბამისად და ჩაირთვება მათ ერთობლივ შემოსავალში.
2. ამხანაგობა ვალდებულია ყოველი კონკრეტული საგადასახადო წლის მიხედვით განსაზღვროს ამხანაგობის დასაბეგრი მოგება ან ზარალი ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ მუხლის დებულებების გათვალისწინებით.
3. მიუხედავად იმისა, გაანაწილებს თუ არა ამხანაგობა მის საგადასახადო წლის დასაბეგრ მოგებას, ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მისთვის მიკუთვნებული დასაბეგრი მოგება შეიტანოს იმ საგადასახადო წლის მის ერთობლივ შემოსავალში, რომელ წელსაც ამხანაგობამ მიიღო აღნიშნული მოგება.
4. იმ შემთხვევაში, თუ ხდება დასაბეგრი მოგების განაწილება და დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელი არ არის საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, ამხანაგობა ვალდებულია წყაროსთან დააკავოს გადასახადი ამ კოდექსის 218-ე მუხლის შესაბამისად.
5. ამხანაგობის წევრს უფლება აქვს წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახდელი გადასახადების თანხაში ჩაითვალოს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მისთვის წყაროსთან დაკავებული გადასახადი.
