1.საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ: ა) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავლებიც არ იბეგრება საქართველოში არსებულ გადახდის წყაროსთან; ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთაც ფულადი სახსრები აქვთ ანგარიშზე უცხოეთში; გ) საქართველოს საწარმოები; დ) არარეზიდენტი ფიზიკური პირები და უცხოური საწარმოები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და რომლებიც არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან; ე) ( ამოღებულია ).
2.ამ კარით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნებისათვის, ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის ცხრილის მე-13 სტრიქონში აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან დადგენილი წესით აწარმოონ შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვა, ამასთანავე, მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აწარმოონ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების გამოყენებით.
3.გადასახადის გადამხდელი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. ამასთანავე, შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განახლებამდე არ ევალება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა.
4.იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სალიკვიდაციო კომისია ან გადასახადის გადამხდელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს საგადასახადო ორგანოს . იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია წარუდგინოს დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს .
5.ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და ანაზღაურების მოთხოვნით.
6.არარეზიდენტს, რომელიც იღებს ამ კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრება გადახდის წყაროსთან, უფლება აქვს წარადგინოს დეკლარაცია დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით. დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადებში. ასეთი გადასახადის გადამხდელი იბეგრება იმავე წესით, როგორითაც დაიბეგრებოდა ეს შემოსავალი, იგი დაკავშირებული რომ ყოფილიყო გადასახადის გადამხდელის საქართველოში არსებულ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემოსავალთან დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის ხარჯები გამოიქვითება მუდმივი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით, მაგრამ გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის 197-ე მუხლით განსაზღვრულ გადახდის წყაროსთან აუცილებლად დაკავებულ თანხას.
7.პირი ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით წარადგენს დეკლარაციას საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ.
8.( ამოღებულია ).
9.ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული აქტივის რეალიზაციისას, აგრეთვე ქონების საჩუქრად მიღებისას (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ქონების ჩუქებით მიღებისა, ასევე III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებისა) მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, აქტივის რეალიზატორ ფიზიკურ პირს ან ქონების საჩუქრად მიმღებ ფიზიკურ პირს აცნობოს საგადასახადო ანგარიშგებისა და გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ, აგრეთვე მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე.
10.III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარისა და მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გადახდას ქონების (შემოსავლის) მიღებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში, არა უგვიანეს ყოველი 5 თვის შემდგომი თვის 15 რიცხვისა, თანაბარ ნაწილებად, რის შესახებაც აღნიშნული ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დეკლარაციას აქტივის გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
11.ამ მუხლის მე -10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ( გარდა უძრავი ნივთის ჩუქებით ან / და მემკვიდრეობით მიღებისა ), მარეგისტრირებელი ორგანო მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ვალდებულია ქონების ჩუქებით ან / და მემკვიდრეობით მიმღებ ფიზიკურ პირს აცნობოს საგადასახადო ანგარიშგების და გადასახადის გადახდის ვალდებულების , აგრეთვე მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე .
12.საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
13.თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ამ კოდექსის 174- ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა . საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3883 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.325 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4700 - სსმ I, №17, 17.05.2007წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1910 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.220

