1.საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებებით: ა) საგადასახადო იპოთეკით/გირავნობით; ბ) მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით; გ) ქონებაზე ყადაღის დადებით; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით; ე) საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერით; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებით; ზ) ამ თავში აღნიშნული სხვა ღონისძიებებით.
2.საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
3.ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის ან ნოტარიუსის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებათა გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებს და ფულად სახსრებს, აგრეთვე ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირებულ ფულს და ფასიან ქაღალდებს). კლიენტის ამგვარი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
4.ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გაკოტრების საქმის წარმოებისას ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების მიმართ გამოიყენება მხოლოდ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით .
5.ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს ან შეჩერდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

