1.ფინანსური გირავნობის ამოქმედების შემთხვევაში, უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოგირავნე უფლებამოსილია განახორციელოს ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია შემდეგნაირად: ა) ფინანსური ინსტრუმენტებისა − მათი გაყიდვით ან საკუთრებაში მიღებით, უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დაფარვისთვის ან ურთიერთგაქვითვისთვის; ბ) ფულადი სახსრებისა − უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დაფარვისთვის ან ურთიერთგაქვითვისთვის; გ) საკრედიტო მოთხოვნებისა − მათი გაყიდვით ან საკუთრებაში მიღებით, უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დაფარვისთვის ან ურთიერთგაქვითვისთვის.
2.საკუთრებაში მიღება დასაშვებია, თუ დაკმაყოფილებულია ორივე შემდეგი პირობა: ა) მხარეები შეთანხმდნენ საკუთრებაში მიღებაზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში; ბ) მხარეები შეთანხმდნენ ფინანსური ინსტრუმენტებისა და საკრედიტო მოთხოვნების ფასის განსაზღვრაზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციისათვის აუცილებელი არ არის: ა) რეალიზაციის განხორციელების თაობაზე წინასწარი შეტყობინების გაგზავნა; ბ) რეალიზაციის პირობების სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციების მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ დამტკიცება; გ) რეალიზაციის საჯარო აუქციონის ან ნებისმიერი წინასწარ განსაზღვრული ფორმით განხორციელება; დ) უზრუნველყოფილი ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის გასვლა.
4.ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება აღსრულდება მისი პირობების შესაბამისად, მიუხედავად მოგირავნის ან დამგირავებლის მიმართ რეჟიმის დაწყებისა ან გაგრძელებისა.
5.ეს მუხლი არ ახდენს გავლენას შესაბამის გამოსაყენებელ სამართლის ნორმებზე, რომლებიც მხარეს ავალდებულებს, ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია ან მისი ფასის განსაზღვრა და უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების გამოანგარიშება კომერციულად გონივრული გზით განახორციელოს.
6.ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად დაფარვის შემდეგ დარჩენილი ფინანსური გირავნობის საგნის ან ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხიდან დარჩენილი ნამეტი თანხა (მისი არსებობის შემთხვევაში) დამგირავებელს უბრუნდება.
7.თუ ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად დაფარვისთვის საკმარისი არ არის, ნარჩენი ვალდებულების ნაწილში მოგირავნე სარგებლობს არაუზრუნველყოფილი კრედიტორისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7174 – ვებგვერდი, 25.09.2020წ. მუხლი 10. ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენების უფლება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში, ფინანსური გირავნობის საგნის გაზრდა, შემცირება და ჩანაცვლება 1. უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს მოგირავნის მიერ ფინანსური გირავნობის საგნის მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად გამოყენების უფლებას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენებისას უნდა დაკმაყოფილდეს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) მოგირავნე ვალდებულია ჩაანაცვლოს პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგანი ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნით არაუგვიანეს უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესრულების დღისა; ბ) მოგირავნეს შეუძლია უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადის ბოლო დღეს განახორციელოს ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნის გადაცემა ან, თუ ამას უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს, გაქვითოს ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნის ღირებულება უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების მიმართ.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად გადაცემული ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგანი მიიჩნევა იმ უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებულად, რომლის საფუძველზედაც იქნა პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგანი მიწოდებული, და ის განიხილება, როგორც პირველადი ფინანსური გირავნობის საგანი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
4.ამ მუხლის შესაბამისად მოგირავნის მიერ ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენება არ იწვევს მოგირავნის უფლების გაუქმებას ან სხვაგვარად შეწყვეტას ან ხელს არ უშლის მის აღსრულებას იმ უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საგნის მიმართ, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად იქნა გადაცემული.
5.თუ გირავნობა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე ამოქმედდა, აღნიშნული ვალდებულების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბოლოო ურთიერთგაქვითვა.
6.ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტები არ გამოიყენება, თუ ფინანსური გირავნობის საგანი საკრედიტო მოთხოვნებია.
7.ფინანსური გირავნობის ან უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების ღირებულების ცვლილების შემთხვევაში ხორციელდება ფინანსური გირავნობის საგნის შესაბამისი გაზრდა ან შემცირება, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
8.დამგირავებელმა ფინანსური გირავნობის საგანი შეიძლება ჩაანაცვლოს იმავე ღირებულების სხვა საგნით, პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგნის გამოთხოვის გზით, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
9.დამგირავებლის უფლება, გაზარდოს, შეამციროს ან ჩაანაცვლოს ფინანსური გირავნობის საგანი, არ ზღუდავს მოგირავნის უფლებას, ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირავნობის საგანს ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
10.ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ ან ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოგირავნე ვალდებულია საკრედიტო მოთხოვნების გირავნობის შემთხვევაში დამგირავებელს დაუბრუნოს დაგირავებული საკრედიტო მოთხოვნები, ფულადი სახსრების გირავნობის შემთხვევაში − იმავე ოდენობის ფულადი სახსრები იმავე ვალუტით, ხოლო ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში − ეკვივალენტური ფინანსური ინსტრუმენტები.
11.ფინანსური გირავნობის საგნის ამ მუხლის შესაბამისად გაზრდა, შემცირება ან ჩანაცვლება არ იწვევს ახალი ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დადებას.






