საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 275. გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების წესი
1. ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში – დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 მაისისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო სხვა დასაბეგრი ქონების შესახებ – წინა წლის მიხედვით.
2. თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს დასაბეგრი ქონება, მათგან ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს აქვს უფლება, წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც აისახება ამ პირის, ასევე ოჯახის სხვა წევრების დაბეგვრის ობიექტები. ამ შემთხვევაში დეკლარაციის წარმდგენ პირს ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით ენიჭება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უფლებამოსილება და აღნიშნულ საგადასახადო ვალდებულებებზე ეკისრება გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ ოჯახის სხვა წევრმაც (წევრებმაც) შეასრულა (შეასრულეს) ქონების გადასახადის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება.
