1.კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 2 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
2.ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნამდე არა უგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა ეხება არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნის ვალდებულების დაკისრებას.
