„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბუღალტრული აღრიცხვა – სუბიექტის საქმიანობასა და რესურსებზე გავლენის მომხდენი, ფულად ერთეულში შეფასებადი ეკონომიკური მოვლენების ამსახველი ინფორმაციის შეგროვების, რეგისტრაციის, შეფასების, განზოგადების და შესაბამისი ანგარიშგების მწყობრი და უწყვეტი სისტემა; ბ) ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან/და ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას; ბ 1 ) პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი − ბუღალტერი, რომელიც რეგისტრირებულია ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრში და მომსახურების დამკვეთისთვის ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას; ბ 2 ) საბუღალტრო ფირმა − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქართველოში არსებული ფილიალი, რომელიც რეგისტრირებულია საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მომსახურების დამკვეთისთვის ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას; გ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები − ეკონომიკური მოვლენების დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები და მაგროვებელი დოკუმენტები; დ) ფინანსური ანგარიშგება – გასული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ინფორმაცია, რომელშიც წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები; ე) სუბიექტი − საჯარო სამართლის და კერძო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკისა, სხვა ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ინდივიდუალური მეწარმე, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „უ“–„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საწარმოთა შემოსავლის, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივების და დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმებს; ვ) აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება) – აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებული სამუშაო, რომელიც მიმართულია: ვ.ა) აუდიტის საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების) უტყუარობის, სამართლიანობისა და სისრულის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მისი წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად მომზადების შესახებ აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მოსაზრების გამოთქმისკენ; ვ.ბ) ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვით აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის დასკვნის გამოტანისკენ; ვ.გ) სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების საფუძველზე შესაბამისი მოსაზრების გამოთქმისკენ ან დასკვნის გამოტანისკენ; ვ.დ) ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა მიზნების განხორციელებისკენ; ზ) აუდიტორი − სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც არის ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში (შემდგომ – რეესტრი) და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად; თ) აუდიტორული (აუდიტური) ფირმა (შემდგომ – აუდიტორული ფირმა) − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში და აუდიტორულ საქმიანობას (მომსახურებას) ახორციელებს გარიგების პარტნიორის (პარტნიორების) მეშვეობით; თ 1 ) ქსელი − თანამშრომლობაზე დაფუძნებული ფართო ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებულია აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა და რომელიც ცალსახად ორიენტირებულია მოგებაზე ან ხარჯების განაწილებაზე ან არის საერთო საკუთრება, ექვემდებარება საერთო კონტროლს ან მართვას, იყენებს საერთო საფირმო სახელწოდებას ან პროფესიული რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს და აქვს საერთო ხარისხის მართვის პოლიტიკა, პროცედურები და ბიზნესსტრატეგია; ი) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება; კ) პროფესიული მომსახურება – მომსახურება, რომელსაც ახორციელებს აუდიტორი/აუდიტორული ფირმა საბუღალტრო, აუდიტორულ, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის ან/და სხვა, მსგავს ბიზნესსაკონსულტაციო სფეროში და რომელიც ბუღალტრულ და მასთან დაკავშირებულ უნარებს მოითხოვს; ლ) სერტიფიცირებული ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც სამსახურის მიერ დადგენილი პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად სერტიფიცირებულია ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის მიერ ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებულია ამ კანონით და რომელიც სერტიფიცირების შემდეგ თავის კვალიფიკაციას განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად ადასტურებს; მ) გარიგების პარტნიორი – აუდიტორი, რომელიც აუდიტორულმა ფირმამ კონკრეტული აუდიტის ჩატარებისათვის ან სხვა აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელებისათვის მთავარ პასუხისმგებელ პირად დანიშნა და რომელიც აუდიტორული ფირმის სახელით მოქმედებს, ან აუდიტორი, რომელიც ხელს აწერს აუდიტორულ დასკვნას ან სხვა აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს; ნ) აუდიტორული დასკვნა – აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რამდენად არის ფინანსური ანგარიშგება მომზადებული ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად, ან უარს განაცხადებს მოსაზრების გამოთქმაზე; ო) წარდგენის შესაფერისი საფუძვლები – ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საფუძვლები, რომელთა გამოყენება სუბიექტისათვის სავალდებულოა ან ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად; პ) მარწმუნებელი გარიგება − გარიგება, რომლის განხორციელების შედეგად აუდიტორი/აუდიტორული ფირმა განსახილველი საგნისადმი მესამე პირის ნდობის ხარისხის ასამაღლებლად გამოთქვამს მოსაზრებას ამ საგნის შეფასების ან/და გაზომვის შედეგის სათანადო კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; ჟ) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო (შემდგომ – საბჭო) – სამსახურთან არსებული, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო; რ) ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია (შემდგომ – პროფესიული ორგანიზაცია) – ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ს) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო – იურიდიული პირი, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის სამსახურის მიერ აღიარებულია პირთათვის სერტიფიცირებული ბუღალტრის გამოცდების ორგანიზების განმახორციელებელ ორგანოდ; ტ) მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ტ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება; ტ.ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება; ტ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება; უ) მესამე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: უ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; უ.ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება; უ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება; ფ) მეორე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ფ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; ფ.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება; ფ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება; ქ) პირველი კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ქ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება; ქ.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; ქ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება; ღ) შემოსავალი – ამ კანონის მიზნებისათვის სუბიექტის მიერ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, საქონლის გაყიდვიდან ან/და მომსახურების გაწევიდან მიღებული მთლიანი სარგებელი. შემოსავალი არ მოიცავს სავაჭრო ფასდათმობას, არაპირდაპირ გადასახადს, მესამე მხარის სახელით მიღებულ თანხებს და სუბიექტის კუთვნილი აქტივების გამოყენებიდან დივიდენდის, პროცენტისა და როიალტის სახით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი სარგებლის მიღება სუბიექტის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგია; ყ) საზოგადოებრივი დაინტერესების პირი (შემდგომ – სდპ) – იურიდიული პირი, რომელიც არის: ყ.ა) ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ბ) კომერციული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად; ყ.ბ 1 ) მიკრობანკი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.დ) მზღვეველი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ე) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საპენსიო კომპანია; ყ.ვ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული ავტორიზებული საინვესტიციო კომპანია; ყ.ვ 1 ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მართავს საპენსიო სქემას; ყ.ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა); [ ყ.ი) „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგული კომპანია; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] შ) არაპრაქტიკოსი – ფიზიკური პირი, რომელსაც სამსახურის უფროსად დანიშვნამდე ან საბჭოს წევრად დამტკიცებამდე სულ მცირე ბოლო 3 უწყვეტი წლის განმავლობაში და საბჭოს წევრად ყოფნის პერიოდში არ განუხორციელებია აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), აუდიტორულ ფირმაში ხმის უფლება არ ჰქონია, აუდიტორულ ფირმაში მმართველობითი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დასაქმებული არ ყოფილა და არც სხვაგვარად ყოფილა აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული; ჩ) კონტროლი – ეს ტერმინი საწარმოებს შორის ურთიერთობასთან მიმართებით განიმარტება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ც) მშობელი საწარმო – სუბიექტი, რომელიც ერთ ან რამდენიმე შვილობილ საწარმოს აკონტროლებს; ძ) შვილობილი საწარმო – სუბიექტი, რომელსაც მშობელი საწარმო აკონტროლებს, მათ შორის, შვილობილი საწარმო, რომელიც წარმოადგენს მშობელ საწარმოს; წ) ჯგუფი – მშობელი საწარმო და ყველა მისი შვილობილი საწარმო; ჭ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი − აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გამოყენებული პროცედურების აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი გარიგებებისა და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებსა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ეთიკის წესების დაცვის, გამოყენებული რესურსების ხარისხისა და რაოდენობის, აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელებისთვის მიღებული ანაზღაურების მართლზომიერების და ხარისხის მართვის სისტემის შეფასება; ხ) კორპორაციული მართვის კოდექსი – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საწარმოს მმართველობითი ორგანოების მიერ მართვის განხორციელების, ეფექტიანობის, ანაზღაურების, პარტნიორებთან/აქციონერებთან ურთიერთობის და მათ წინაშე ანგარიშვალდებულების წესებს, აგრეთვე არეგულირებს კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; ჯ) მარეგულირებელი ორგანო – „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო; ჰ) საზედამხედველო ორგანო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით , „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანო; ჰ 1 ) ქონების მმართველი – „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველი; ჰ 2 ) მნიშვნელოვანი წილი − აუდიტორული ფირმის/საბუღალტრო ფირმის წილის ან/და ხმის უფლების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ხმის უფლების ოდენობის მიუხედავად.
