Article 12. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
Consolidation №69 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით. 1 1 . საგადასახადო ორგანო – შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანო (რეგიონული ცენტრი) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეული. 1 2 . (ამოღებულია).
2. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად მიკუთვნებული ნომერი.
3. სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
4. გადასახადების ადმინისტრირება – გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა/საგადასახადო აგენტთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningსაქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებსაქართველოს საგადასახა…ბუღალტრული აღრიცხვის, …
For information only — not legal advice.
5. დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი – ადგილი, სადაც უძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს, ხოლო მოძრავი ქონება რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ არ არსებობს მოძრავი ქონების რეგისტრაციის ადგილი, დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფლად ითვლება ადგილი, სადაც მოძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს.
6. რეზიდენტი – რეზიდენტი ფიზიკური პირი ან რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია).
7. არარეზიდენტი – პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი.
8. პირის ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და ეწევიან საერთო მეურნეობას.
9. პარტნიორი – პარტნიორი, აქციონერი, კომანდიტი, კომპლემენტარი, კოოპერატივის წევრი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
10. საემისიო კაპიტალი – სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას არაფულადი შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
11. დივიდენდი – მოგების ნაწილი, რომელსაც იურიდიული პირი სამეურნეო წლის (სამეურნეო წლების) შედეგების მიხედვით ანაწილებს პარტნიორთა შორის, აგრეთვე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციების გამოსყიდვისას („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53 1 მუხლის შესაბამისად) ქონების განაწილებით მიღებული შემოსავალი, გარდა საწესდებო და საემისიო კაპიტალის ქონებისა ან/და იმ ქონებისა, რომელიც პარტნიორმა ადრე განახორციელა შენატანის სახით.
12. პროცენტი – სავალო ვალდებულებებთან (გარდა საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებებისა ან გარანტიით და თავდებობით ანდა სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებებისა), მათ შორის, კრედიტებთან (სესხებთან), დეპოზიტებთან, ანაბრებთან, ობლიგაციებთან დაკავშირებული გადასახდელი, აგრეთვე დისკონტის სახით მიღებული შემოსავალი, საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მზღვეველის მიერ დაზღვეულისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება (თანხა) ამ ანაზღაურების მისაღებად განხორციელებული სადაზღვევო შენატანების გამოკლებით და არასახელმწიფო საპენსიო ფონდიდან მიღებული პროცენტი.
13. როიალტი: ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლების საფასური; ბ) საავტორო უფლებების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი; გ) სამრეწველო, სავაჭრო ან სამეცნიერო-კვლევითი მოწყობილობის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი; დ) ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებული შემოსავალი; ე) კინოფილმების, ვიდეოფილმების, ხმის ჩანაწერების ან ჩაწერის სხვა საშუალებათა გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი; ვ) ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევისათვის ან ამ უფლებათა გამოყენებაზე უარის თქმით მიღებული შემოსავალი.
14. არაპირდაპირი გადასახადი – გადასახადი (დღგ, აქციზი, საბაჟო გადასახადი და სხვა), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.
15. საერთაშორისო გადაზიდვა – ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა.
16. იდენტური საქონელი – სხვადასხვა საქონელი, რომლებსაც აქვთ ერთნაირი მახასიათებლები, კერძოდ, ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია ბაზარზე, წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი.
17. მსგავსი საქონელი – სხვადასხვა საქონელი, რომლებიც არ არიან იდენტურნი, მაგრამ აქვთ მსგავსი მახასიათებლები და შედგებიან მსგავსი კომპონენტებისაგან, რაც მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ ერთი და იგივე ფუნქციები და იყვნენ კომერციულად ურთიერთშემცვლელნი.
18. საქონლის ექსპორტი, საქონლის იმპორტი, საქონლის რეექსპორტი, საქონლის ტრანზიტი, საქონლის დროებით შემოტანა, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება, გადამუშავებული პროდუქტი, გადაუმუშავებელი საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საბაჟო საზღვარი – თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
19. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა –სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც მიღებულია „საქონლის აღწერილობისა და კოდირების სისტემის ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.
20. უიმედო საგადასახადო დავალიანება – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოქმნილია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით ან/და სანქციებით, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ქონების მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების შედეგად დადგინდა, რომ მას არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები, ან რომ მისი ქონება ან/და აქტივები იმდენად მცირეა, რომ ვერ ფარავს სასამართლოს ხარჯებს.
21. უიმედო ვალი – საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ცნობა სააღსრულებო დაწესებულებიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად მოვალისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ანდა რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, ამასთანავე, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული; დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
22. აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხა – ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც: ა) გამოვლენილია საგადასახადო ორგანოს მიერ; ბ) დადასტურებულია საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე; გ) დადასტურებულია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით; დ) წარმოშობილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
23. აღიარებული საგადასახადო ვალდებულება – გადასახადი ან/და სანქცია, რომელიც წარმოშობილია: ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე; ბ) „საგადასახადო მოთხოვნის“ საფუძველზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ეთანხმება ან რომლის გასაჩივრების ვადა გასულია; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
24. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.
25. აღიარებული საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის აღიარებულ ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.
26. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაკლებობა (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით). ისეთ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ჩაითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილია დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი ნაკლებობა.
27. არამატერიალური აქტივი – ფიზიკური ფორმის არმქონე იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოების დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები.
28. მატერიალური აქტივი – აქტივი, რომელიც არ არის არამატერიალური აქტივი.
29. წმინდა აქტივები – სხვაობა პირის აქტივებსა და მის ვალდებულებებს შორის.
30. ეკონომიკური სამსახურის ვადა – განისაზღვრება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
31. ქონება – ყველა ნივთი და არამატერიალური სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა და რომელთა ფლობა, განკარგვა და რომლებით სარგებლობა შეუძლიათ პირებს.
32. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: ა) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწები; გ) საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები; დ) დასახლებული პუნქტების ფარგლების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით; ე) ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებადართულია კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით; ვ) სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწები; ზ) სხვა მიწა, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად.
33. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – მიწა, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
34. კალენდარული წელი – დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახალრეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისათვის – პირველ წელს რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
35. წელი (გარდა კალენდარული წლისა) – დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან.
36. ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.
37. არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება – ძირითადი საშუალება, რომელიც ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას.
38. წარმომადგენლობითი ხარჯი – პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს: ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) პროტოკოლით გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს; გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს; დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის: დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება) ხარჯებს; დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების („ვიპ“-ის დარბაზის მომსახურება) ხარჯებს; დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს; დ.ე) პროტოკოლით გათვალისწინებული მიღებების, წვეულებების (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.
39. კომპენსაცია – პირის მიერ საქონლის მიწოდების, გაწეული მომსახურების ან მისივე ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება, გასამრჯელო, სარგებელი, საფასური, საზღაური.
40. ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯები – ხარჯები, რომლებიც ამაღლებს ძირითადი საშუალებების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ შორის, შენობა-ნაგებობების ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანა-დანადგარების ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით.
41. დახლი – საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი არასტაციონარული სავაჭრო ადგილი, რომელიც არ ქმნის დახურულ სივრცეს, სახურავით ან მის გარეშე.
42. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები – პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალები, ნახევარფაბრიკატები, მარაგ-ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
43. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში – ბასს) – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები.
44. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგებები – შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით.
45. ბაზარი (ბაზრობა ) – მიწის ნაკვეთი , რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ( არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა ), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ .
46. არასტაციონარული სავაჭრო ადგილი ( დროებითი შენობა - ნაგებობა ) – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი , ასაწყობ - დასაშლელი ან / და მობილური სამშენებლო სისტემა , რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან / და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები , აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება .
47. საგადასახადო სესხი – ამ კოდექსის XL 1 თავის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხი, რომელიც გაიცემა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.
48. ბიოლოგიური აქტივი – ცხოველი ან მცენარე.
49. ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები: ა) ყველა არასასოფლო-სამეურნეო სავარგული, რომელიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) სასოფლო-სამეურნეო სავარგულად. ასეთ მიწებს განეკუთვნება: ა.ა) ყამირი მიწები; ა.ბ) მელიორაციის (სარწყავი და დაშრობის) საშუალებით ასათვისებელი მიწები; ა.გ) გაკაფვა-ამოძირკვის საშუალებით ასათვისებელი, ბუჩქნარით დაკავებული მიწები; ა.დ) დატერასების საშუალებით ასათვისებელი ფერდობები; ა.ე) წიაღისეულის მოპოვებისა და მშენებლობის დროს დარღვეული სარეკულტივაციო მიწები აგრობიოლოგიური პროდუქტიულობის აღდგენით; ბ) დაბალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) მაღალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) მიწების სავარგულად, დაჭაობებული და დამლაშებული მიწები.
50. შემოწმების მასალა – ამ კოდექსის 121-ე მუხლის შესაბამისად გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შექმნილი დოკუმენტაცია (საგადასახადო შემოწმების აქტი, განხილვის ოქმი, დასკვნა, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოხსენებითი ბარათი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება).
51. მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი.
52. ვირტუალური ზონის პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას.
53. საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი №5569 - სსმ I, №45, 21.12.2007წ., მუხ.396 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5674 - სსმ I, №49, 28.12.2007 წ ., მუხ .42 9 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1965 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.254 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272