„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 20. სამსახურის ორგანიზება და ხელმძღვანელობა
1. სამსახური არის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. იგი პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.
2. სამსახურის ორგანიზება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით .
3. სამსახური უზრუნველყოფს: ა) ამ კანონით გათვალისწინებული, გამოსაყენებლად სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმების ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებას და მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დადგენას; ბ) ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის წესების განსაზღვრას, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში ერთიანი პოლიტიკის და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებას, სუბიექტისათვის სდპ-ის სტატუსის მინიჭებას, სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი მოთხოვნებისა და წესების განსაზღვრას, მათ შორის, შესაბამის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად; გ) აუდიტორული საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი წესებისა და მოთხოვნების განსაზღვრას; დ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის განსაზღვრას, წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურების დადგენას; ე) რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელებას; ვ) ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას; ზ) ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი განათლების საერთაშორისო სტანდარტების (IES) და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული სასერტიფიკაციო განათლების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების განსაზღვრას და შესაბამისი სტანდარტების დამტკიცებას; თ) ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტების, წესებისა და მეთოდოლოგიის განხილვასა და დამტკიცებას; ი) სასერტიფიკაციო პროგრამების დადგენას, საგამოცდო პროცესის აღიარების წესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარების წესის განსაზღვრას; კ) დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარებას; ლ) პროფესიული ორგანიზაციების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს და ამ კანონით განსაზღვრული პროფესიული განათლების საქმიანობით დაკავებული სხვა პირების მიერ ამ კანონთან და სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელებას; მ) რეესტრის, აღიარებული სასწავლო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების, სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრებისა და ანგარიშგებების ვებგვერდის წარმოებას სამსახურის მიერ დადგენილი წესებისა და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად; ნ) წარმოდგენილი ანგარიშგებების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და საჯაროობას; ო) მოკვლევის სისტემის ჩამოყალიბებას, მოკვლევის ჩატარების წესებისა და მეთოდოლოგიის შემუშავებას, საკუთარი ინიციატივით ან/და წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებით მოკვლევის ინიციირებას; პ) სამართალდარღვევათა თავიდან აცილებას და გამოვლენას; ჟ) აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებზე მეთოდური მითითებების შემუშავებასა და დამტკიცებას; რ) ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
