Article 6
1. ამ კანონის მიზნებისათვის, „საწარმოს კონტროლში“ იგულისხმება პირის (ორგანოს) უფლებამოსილება კონკრეტული საწარმოს (მეწარმის) მიმართ, რომ მან პირადად ან თავისი სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მეშვეობით შეამოწმოს საწარმოს (მეწარმის) საქმიანობა, ან დაუწესოს სამეწარმეო საქმიანობაში რაიმე შეზღუდვა ან შეღავათი, ანდა გასცეს ლიცენზია, სერტიფიკატი ან სხვაგვარი ნებართვა მის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით.
2. ამ კანონის მიზნებისათვის „თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირში“ იგულისხმება ის პირი, რომლის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ან შესრულებულ მოქმედებასთან დაკავშირებით თანამდებობის პირი უფლებამოსილია: ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში არსებული ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ; ბ) შეაჩეროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება; გ) გააუქმოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. ამ კანონის მიზნებისათვის თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის „საწარმოს საქმიანობაში პირდაპირ მონაწილეობაში“ იგულისხმება კანონით დადგენილი წესით საწარმოს შექმნა, მისი მართვა, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, საწარმოს კაპიტალის ფლობა.
4. ამ კანონის მიზნებისათვის თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის „საწარმოს საქმიანობაში არაპირდაპირ მონაწილეობაში“ იგულისხმება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საწარმოს პირდაპირი მონაწილეობა (მათ შორის, აქციებისა და წილის ფლობა) სხვა საწარმოს საქმიანობაში. საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
