სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ
Article 2
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდ იული პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ამ საქმიანობის ნაწილში; ბ) სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი – საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენა ან მისთვის შესაბამისი სანქციის დადება. ამ კანონის მიზნებისთვის კონტროლი არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის, ნებართვის, სერტიფიკატის გაცემა ან ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, სავაჭრო ქსელში სერტიფიკატის მოთხოვნა და შესაბამისი აქტის შედგენა, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების შესამოწმებლად განხორციელებული საქმიანობა, ნავთობისა და გაზის რესურსებსა და ბუნებრივი წყალბადის რესურსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობა; გ) მაკონტროლებელი ორგანო – სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე.
