Article 7. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის
1. სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთი დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 25 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
2. დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანია: ა) დაზარალებულის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება; ბ) გზის საფრის, გზის კონსტრუქციული ელემენტის, შენობის ან/და ნაგებობის დაზიანება ან განადგურება; გ) დაზარალებულის პირადი ნივთისა და სხვა ქონების დაზიანება ან განადგურება.
3. დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საფუძველია: ა) უძრავი ან მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში – ქონების დაზიანებული ნაწილის შეკეთების/აღდგენის (სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის არსებული მდგომარეობის აღდგენის) ღირებულება; ბ) უძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის უძრავი ქონების აღდგენის რეალური ღირებულება რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით; გ) მოძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – მოძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი (საღი) და რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით ან მოძრავი ქონების ჩანაცვლების ღირებულება.
