საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Article 42. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გენერალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით
1. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია გენერალური გეგმის ან მისი ნაწილის შემუშავება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაუკვეთოს სხვა სუბიექტს.
2. გენერალური გეგმა განიხილება და მტკიცდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ 2 სტადიად: ა) I სტადია − გენერალური გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება; ბ) II სტადია − გენერალური გეგმის განხილვა და დამტკიცება.
3. I სტადია იწყება გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ. ამ დროს წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე უნდა იქნეს განხილული და დამტკიცებული გენერალური გეგმის კონცეფცია. გენერალური გეგმის კონცეფციაში ასახული უნდა იყოს ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ძირითადი მიზნები და ამოცანები, აგრეთვე მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზები.
4. გენერალური გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. ამ კონცეფციას უნდა დაერთოს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების პოზიციების ამსახველი დოკუმენტები. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მუნიციპალიტეტისთვის წარდგენას.
