საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Article 97. მშენებლობის ნებართვის მაძიებელი და მშენებლობის ნებართვის მფლობელი
1. მშენებლობის ნებართვის მაძიებელი არის პირი, რომელსაც დაგეგმილი აქვს I−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა და სურს განახორციელოს მშენებლობის შეტყობინება ან მიიღოს მშენებლობის ნებართვა.
2. მშენებლობის ნებართვის მფლობელი არის პირი, რომელიც ფლობს I−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების უფლებას. მშენებლობის ნებართვის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში ამის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამ შემთხვევაში შესაბამისი ცვლილება შეიტანება მშენებლობის ნებართვაში.
3. მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი.
