Article 14. საბაჟო წარმომადგენლობა
1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
2. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.
3. ფიზიკური პირის გარდა, სხვა პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ სხვა პირის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.
5. საბაჟო წარმომადგენელი (შემდგომ − წარმომადგენელი) არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.
6. წარმომადგენელი შეიძლება იყოს: ა) პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და ამავე პირის დავალებით; ბ) ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით.
7. წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი. ეს სავალდებულო არ არის ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურასთან დაკავშირებული წარმომადგენლობის განხორციელებისას.
8. საბაჟო ფორმალობის განხორციელებისას ირიბ წარმომადგენელს ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა შესაბამისი დავალების მიმცემ პირს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
