Article 38. გარიგების ფასის მეთოდი
1. ეს მუხლი განიხილება ამ კოდექსის 44-ე მუხლთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასის კორექტირებას იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველს ეკისრება გარკვეული ელემენტების გადახდა, რომლებიც საბაჟო ღირებულების ნაწილია, მაგრამ არ არის შეტანილი საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასში.
2. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა: ა) არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი ან მოთხოვნილი; ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა; ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე; ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რომლის საქონლის ღირებულებასთან მიმართებით შეფასება (ღირებულების განსაზღვრა) შეუძლებელია. თუ ასეთი პირობის ან გარემოების შეფასება (ღირებულების განსაზღვრა) შესაძლებელია, ეს ღირებულება მიიჩნევა მყიდველის მიერ განხორციელებულ ირიბ გადახდად და, შესაბამისად, ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის ნაწილად; გ) მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის არცერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადაეცემა გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია სათანადო შესწორების შეტანა ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად; დ) ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი გამოიანგარიშება ობიექტურ და დასაბუთებულ მონაცემთა საფუძველზე; ე) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის გარიგების ფასის მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა დგინდება ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების გათვალისწინებით.
