Article 42. შედგენილი ღირებულების მეთოდი
1. საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისგან: ა) საქონლის წარმოებისთვის გამოყენებული მასალების დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება; ბ) ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას მიღებული მოგებისა და გაწეული საერთო ხარჯების ოდენობა; გ) ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის წარმოებისთვის გამოყენებული მასალების დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს: ა) ამ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარჯებს; ბ) ნებისმიერი იმ საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილით და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს შემოტანილი საქონლის წარმოებასთან და საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში შეტანილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტებისთვის შესაბამისი ხარჯი მწარმოებელმა გასწია. ღირებულების გაანგარიშებისას ამ ნაწილში მითითებული ელემენტების ფასი ან ღირებულება ორჯერ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.
