Article 40. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი
1. თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მეთოდით ან იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდით განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებულ იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა.
2. ამ მუხლის მიზნისთვის იმავე ან თითქმის იმავე დროს ექსპორტირებული ნიშნავს, რომ მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის განსხვავება 30 დღეს არ აღემატება (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).
3. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის მსგავს საქონლად მიიჩნევა საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი, ამასთანავე, მსგავს საქონელსა და შესაფასებელ საქონელს აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც მსგავს საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები, რომლებსაც შესაფასებელი საქონელი ასრულებს, და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.
