Article 94. დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვა
1. საბაჟო ორგანომ პირს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს საბაჟო დეკლარაციის, მათ შორის, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის, დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენის ავტორიზაცია, თუ ეს პირი უზრუნველყოფს საბაჟო ორგანოსთვის ამ მონაცემების ხელმისაწვდომობას.
2. საბაჟო დეკლარაცია რეგისტრირებულად მიიჩნევა დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტიდან.
3. საბაჟო ორგანომ პირის განცხადების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება. ამ შემთხვევაში საქონელი გაშვებულად მიიჩნევა დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) დეკლარანტი არის საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი; ბ) საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება განპირობებულია საქონლის სახეობითა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის სიხშირით; გ) საბაჟო ორგანოსთვის ხელმისაწვდომია ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია საჭიროების შემთხვევაში საქონლის შემოწმებისას საბაჟო ორგანოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებისთვის; დ) დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტში საქონელი აღარ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ავტორიზაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
