Article 35. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების წესი
1. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია თავის სხდომაზე განიხილავს კოლეგიურად, 3 წევრის შემადგენლობით, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს ეთიკის კომისია განიხილავს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ეთიკის კომისიის არანაკლებ 8 წევრის ხმა. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი დაერთვის გადაწყვეტილებას.
2. ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ადვოკატს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოთქვას აზრი ზეპირად ან წერილობით, გამოითხოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით.
3. ეთიკის კომისიის სხდომა დახურულია. ამასთანავე, ეთიკის კომისია უფლებამოსილია ორივე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩაატაროს საჯარო სხდომა. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება. მხარეებს უფლება აქვთ, მიიღონ ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება.
4. ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დისციპლინური საქმის განხილვა გადაიდება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღის ვადით. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადვოკატი ვალდებულია მიუთითოს საქმის განხილვის მისთვის მისაღები 3 თარიღი, საქმის განხილვისთვის დაწესებული ვადის გათვალისწინებით. ამასთანავე, ადვოკატის არასაპატიო მიზეზით ხელმეორედ გამოუცხადებლობა საქმის განხილვას არ აბრკოლებს.
5. ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს და გაეგზავნოს მხარეებს მისი საჯაროდ გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280 საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
