ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 134. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომები
1. სამინისტრო ამ კანონის 132-ე მუხლის შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ნორმების შემუშავებისას და ამოქმედებისას, აგრეთვე ამ კანონის 138-ე მუხლის შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას კომისიასთან და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით იღებს ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო მიწოდების უწყვეტობა; ბ) ელექტროენერგეტიკული საქმიანობის გამჭვირვალე და სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეთა მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით და ქვეყნის მასშტაბით ჰარმონიზებული მარეგულირებელი პრაქტიკის ჩამოყალიბება; გ) ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება, განვითარება და ინტეგრაცია, მათ შორის, ელექტროენერგიით შიდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის ლიკვიდურობა, აგრეთვე ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე შეუზღუდავი დაშვება; დ) ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების სათანადო მდგომარეობის შესანარჩუნებლად მათი სათანადო მოვლა-პატრონობა და საჭიროების შემთხვევაში განახლება; ე) ხარისხის სტანდარტები ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე დადგენილი ტექნიკური წესების შესაბამისად; ვ) ბაზარზე საპროგნოზო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ელექტროენერგიის გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელებში შეუზღუდავი და დასაბუთებული ინვესტიციები, მათ შორის, კომერციული ინვესტიციები ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრის განვითარებისთვის; ზ) განახლებადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების მეშვეობით მიღებული ელექტროენერგიის ხელშეწყობა; თ) ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილური ოპერირებისთვის გადაცემისა და წარმოების საკმარისი სარეზერვო სიმძლავრის არსებობა; ი) ელექტროენერგიაზე მოთხოვნასა და წარმოების სიმძლავრეების ხელმისაწვდომობას შორის ბალანსი; კ) ელექტროენერგიასთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდის გრძელვადიანი ეფექტის შემცირება; ლ) ენერგოეფექტურობისა და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, მოთხოვნის მართვის, განახლებადი ენერგიისა და „ჭკვიანი“ აღრიცხვის ტექნოლოგიების და ელექტროენერგიის განაწილებული წარმოების დანერგვის წახალისება, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის რეალურ დროში სამართავად; მ) ენერგიის დამზოგავი ღონისძიებების ხელშეწყობა; ნ) ელექტროენერგიის წარმოების ახალ სიმძლავრეზე დასაშვებად ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ხელშემშლელი ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრა და ადმინისტრაციული პროცედურების მინიმუმამდე შემცირება; ო) მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვის წყვეტადი და სხვადასხვა ხანგრძლივობის ხელშეკრულებების დადების ხელშემშლელი ბარიერების აღმოფხვრა.
