ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 29. კომისიის ფუნქციები
1. კომისია: ა) ენერგეტიკული საქმიანობისა და ამ კანონით რეგულირებული სხვა საქმიანობის ავტორიზაციის, ამგვარი საქმიანობის პირობების დადგენისა და მათზე ზედამხედველობის მიზნით: ა.ა) გასცემს და ცვლილებები შეაქვს ლიცენზიაში, აჩერებს მის მოქმედებას და აუქმებს მას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი წესით; ა.ბ) ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირებას და ამ კანონით დადგენილ დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან მათ მუდმივ შესაბამისობაზე ზედამხედველობას; ა.გ) ადგენს რეგულირებული საწარმოების მიერ მომსახურების გაწევის წესებსა და პირობებს ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ა.დ) განსაზღვრავს სასმელი წყლის ხარჯვის ნორმას; ა.ე) ამტკიცებს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიან სისტემას შესაბამისი რეგულირებული საწარმოებისთვის და ზედამხედველობს აღნიშნული მოთხოვნების სათანადოდ შესრულებას; ა.ვ) განსაზღვრავს რეგულირებული საწარმოების მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის ან/და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების წესს; ა.ზ) ზედამხედველობს რეგულირებული საწარმოების საქმიანობას და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებთან და მოთხოვნებთან; ა.თ) ზედამხედველობს საჯარო მომსახურების გაწევასა და საჯარო მომსახურების ვალდებულებების შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ა.ი) აწარმოებს ენერგეტიკული საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოების რეესტრს ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ა.კ) ახორციელებს რეგულირებული საწარმოს ადგილზე შემოწმებას, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე; ა.ლ) განსაზღვრავს რეგულირებული საწარმოს, აგრეთვე საბითუმო ბაზრის სხვა მონაწილეების ანგარიშგების წესს; ა.მ) ადგენს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის; ა.ნ) ახორციელებს ხანძრის ჩაქრობის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ სახანძრო ჰიდრანტებიდან (მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად) მოპოვებული წყლის გამოყენებასთან, აღრიცხვასა და ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას; ა.ო) ამტკიცებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს; ბ) ტარიფის ან/და საფასურის დადგენისა და მეთოდოლოგიების მიღების მიზნით ამტკიცებს: ბ.ა) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ტარიფებსა და გაანგარიშების მეთოდოლოგიას; ბ.ბ) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან, აგრეთვე სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებთან მიერთების საფასურებს ან/და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიას; ბ.გ) ბაზრის ოპერატორების მიერ გაწეული მომსახურებების შესაბამის საფასურებს და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიებს ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად არსებული საჭიროების შემთხვევაში. კომისია უფლებამოსილია ბაზრის სხვადასხვა სეგმენტისთვის შეიმუშაოს აღნიშნული საფასურების გაანგარიშების განსხვავებული მეთოდოლოგიები; ბ.დ) ბუნებრივი გაზის საცავის ტარიფებსა და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიას, ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად არსებული საჭიროების შემთხვევაში; ბ.ე) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე დაშვების ტარიფსა და მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიას; ბ.ვ) სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიებს; ბ.ზ) დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესს; ბ.თ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საჯარო მომსახურების გაწევის საფასურებს ან/და ტარიფებს და გაანგარიშების მეთოდოლოგიებს; ბ.ი) რეგულირების საფასურის ოდენობასა და გაანგარიშების წესს; ბ.კ) მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესს; გ) გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებისთვის, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიატებისთვის ამტკიცებს ნორმატიული დანაკარგების ოდენობასა და მათი გაანგარიშების წესს; დ) ამტკიცებს ინვესტიციების შეფასების წესს, მათ შორის, სატარიფო რეგულირებისადმი დაქვემდებარებული რეგულირებული საწარმოების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმებისა და მათი შემადგენელი პროექტების კომისიისთვის წარდგენის, კომისიის მიერ მათი შეთანხმების, აგრეთვე შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმებში ან/და პროექტებში ცვლილების შეტანის და მათი განხორციელების შესახებ ანგარიშგების წესსა და პირობებს. სატარიფო რეგულირებისადმი დაქვემდებარებული რეგულირებული საწარმო ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში, იმოქმედოს მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით; ე) უზრუნველყოფს მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე გამოქვეყნებას, ხოლო ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტარიფებთან და მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს, რომ: ე.ა) ტარიფები და საფასურები: ე.ა.ა) იყოს დასაბუთებული, გონივრული, გადამოწმებადი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული, იცავდეს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისგან; ე.ა.ბ) ასახავდეს ქსელების ოპერირების, მოვლა-პატრონობის, ჩანაცვლების, მშენებლობისა და რეაბილიტაციის დასაბუთებულ ხარჯებს, მათ შორის, მიზანშეწონილ და გონივრულ კაპიტალდაბანდებებზე გონივრულ ამონაგებს, ამორტიზაციას (ცვეთას) და გადასახადებს, გარემოსა და მომხმარებლის დაცვის გათვალისწინებით. კომისია უფლებამოსილია ტარიფისა და საფასურის დადგენისას აღნიშნული პრინციპებით გაითვალისწინოს განსახორციელებელი კაპიტალდაბანდებებიც; ე.ა.გ) იძლეოდეს ქსელებსა და მოწყობილობებში აუცილებელი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, რათა აღნიშნულმა ინვესტიციებმა უზრუნველყოს ასეთი ქსელებისა და მოწყობილობების სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისი განვითარების გეგმის თანახმად მათი შეუფერხებელი განვითარება; ე.ა.დ) შესაძლებლობას აძლევდეს რეგულირებულ საწარმოებს, უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციის უკუგება გონივრულ ვადებში, დაფარონ თავიანთი მიმდინარე ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურებს და სხვა დანახარჯებს. ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს), რომელიც საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციის მოსაზიდად; ე.ა.ე) ხელს უწყობს რეგულირებული საწარმოს ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი რეგულირებული საწარმო აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის ან/და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე; ე.ა.ვ) ასახავდეს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას. სატარიფო რეგულირებისადმი დაქვემდებარებული რეგულირებული საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები იფარება მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების პროპორციულად; მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა სახის ტარიფის დადგენა შეიძლება პიკური სიდიდეების, საშუალო შეწონილი და ზღვრული სიდიდეების, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების ასახვის მიზნით. ტარიფის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინოვაციური სატარიფო მეთოდოლოგიები, თუ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება საწარმოებისა და მომხმარებლების ინტერესებს; ე.ბ) განხორციელდეს გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების გრძელვადიანი და მოკლევადიანი წახალისება ეფექტიანობის გაზრდის, ბაზრის ინტეგრაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის, აგრეთვე აღნიშნულთან დაკავშირებული კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით; ე.გ) გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფების დადგენისას ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ქვეყნის საზღვრების შიგნით ტრანსპორტირება და ტრანსსასაზღვრო გადადინება განხილულ იქნეს თანაბარ პირობებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა გარკვეულ მომსახურებასთან დაკავშირებული კონკრეტული დანახარჯების გათვალისწინება, თუ ეს ხარჯები არის ცხადი, დასაბუთებული და მათი გამოყენება ხდება გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით; ე.დ) ასახულ იქნეს საქმიანობის შედეგებზე დამოკიდებული განაკვეთი, თუ კომისია საჭიროდ მიიჩნევს ასეთი სახის განაკვეთის დადგენას; ე.ე) ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული მომსახურებისთვის წახალისებულ იქნეს წყვეტადი მომსახურებისა და დატვირთვის დაბალანსების განაკვეთები და ენერგოეფექტურობისა და მოთხოვნის მართვის გაუმჯობესების სხვა მექანიზმები, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების შესაძლო განვითარება და დისპეტჩერიზაცია; ე.ვ) იმ შემთხვევაში, როცა შესაძლებელია ტარიფის კორექტირება პიკური და არაპიკური მომსახურების ღირებულების მიხედვით, დადგინდეს სეზონსა და მოხმარების დროზე დამოკიდებული განაკვეთები; ე.ზ) აღმოიფხვრას, ერთი მხრივ, გადაცემისა და განაწილების საქმიანობებსა და, მეორე მხრივ, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობებს შორის ჯვარედინი სუბსიდირება, აგრეთვე სისტემით მოსარგებლეებს ან მომხმარებლებს შორის ან სხვადასხვა კატეგორიის სისტემით მოსარგებლეებს ან მომხმარებლებს შორის დისკრიმინაცია; ე.თ) გადაცემისა და განაწილების ქსელებთან, აგრეთვე სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებთან მიერთებისთვის ან მიერთების სიმძლავრის არსებითად გაზრდისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დადგინდეს ეკონომიკურად გამართლებული მიერთების საფასური; ე.ი) ტარიფების, საფასურებისა და მათთან დაკავშირებული წესებისა და პირობების დადგენა ასახავდეს გავრცელებულ საერთაშორისო პრაქტიკას; ვ) ადგენს ტარიფებს, საფასურებს ან/და ფასის ზედა ზღვრებს; სატარიფო მიზნებისთვის უფლებამოსილია განსაზღვროს ძაბვის საფეხურები, კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიების, პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს რეგულირებული საწარმოების ვალდებულებას, მოამზადონ სატარიფო განაცხადი სისტემით მოსარგებლეების ან/და მომხმარებლების თითოეული კატეგორიისთვის და, შესაბამის დასაბუთებასთან ერთად, წარუდგინოს კომისიას. ტარიფების, საფასურის ან/და ფასის ზედა ზღვრის დადგენის შესახებ კომისიის სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე; ზ) ზედამხედველობს ტარიფების, საფასურისა და შესაბამისი მეთოდოლოგიების გამოყენებას და უზრუნველყოფს მათ სათანადოდ შესრულებას; თ) ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიზნით: თ.ა) გადასინჯავს და ამტკიცებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებთან, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე ბუნებრივი გაზის საცავსა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებთან მესამე პირის სამართლიანი და არადისკრიმინაციული დაშვების წესებს, ცვლილებები შეაქვს ამ წესებში და ზედამხედველობს მათ შესრულებას; თ.ბ) ადგენს ხარისხის სტანდარტებს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებისა და ენერგეტიკული საწარმოების მიერ მომსახურების, მათ შორის, დამხმარე და სასისტემო მომსახურების, გაწევისთვის და ზედამხედველობს მათ შესრულებას; თ.გ) ადგენს კომპენსაციის მექანიზმებს კომისიის მიერ დადგენილ ხარისხის სტანდარტებთან ენერგეტიკული საწარმოების საქმიანობის შეუსაბამობისთვის და ზედამხედველობს მათ შესრულებას; თ.დ) ამტკიცებს და შესაბამის ტარიფში ან საფასურში ასახავს სატარიფო რეგულირებისადმი დაქვემდებარებული რეგულირებული საწარმოების საინვესტიციო გეგმებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას, ამასთანავე, კომისიის წლიურ ანგარიშში ასახავს აღნიშნული გეგმების შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციებს; თ.ე) ზედამხედველობს გადამცემი სისტემის ოპერატორების საქმიანობას, მათ შორის, მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველსაყოფი მექანიზმებისა და მეთოდების ეფექტიანობას; თ.ვ) გადასინჯავს და ამტკიცებს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მომზადებულ ქსელის წესებს და აღნიშნულ ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ ცვლილებები შეაქვს ამ წესებში; თ.ზ) ამოწმებს შესაბამისი ქსელის წესებიდან გამომდინარე ქსელის უსაფრთხოებისა და საიმედოობის მოთხოვნების ეფექტიანობას და ზედამხედველობს მათ შესრულებას, აგრეთვე ადგენს მომსახურებისა და მიწოდების ხარისხის სტანდარტებსა და მოთხოვნებს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით; თ.თ) ამ კანონით ან/და შესაბამისი ქსელის წესებით დადგენილი წესით აკონტროლებს გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების მიერ ქსელთან მიერთებასა და ქსელის რემონტზე დახარჯულ დროს; თ.ი) უზრუნველყოფს ამ კანონის 87-ე მუხლის შესაბამისად ბუნებრივი გაზის საცავზე და ქსელის გაზის შენახვაზე დაშვების პირობების ზედამხედველობას და მათ გადახედვას. აღნიშნული ვალდებულება არ მოიცავს ტარიფების გადახედვას, თუ ბუნებრივი გაზის საცავზე დაშვება განისაზღვრება ამ კანონის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; თ.კ) აკონტროლებს იმ კრიტერიუმების სწორად გამოყენებას, რომელთა შესაბამისად განისაზღვრება ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე ამ კანონის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის ან მე-6 პუნქტის გავრცელება; თ.ლ) ხელს უწყობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის 138-ე და 143-ე მუხლების შესაბამისად, ენერგეტიკულ საქმიანობაში უსაფრთხოების ზომების განხორციელების ზედამხედველობას; ი) ენერგეტიკული ბაზრის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიზნით: ი.ა) ამ კანონით განსაზღვრული მარეგულირებელი უფლებამოსილების ფარგლებში არეგულირებს და ზედამხედველობს ენერგეტიკულ ბაზრებზე განხორციელებულ საქმიანობებს; ი.ბ) ამ კანონისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ზედამხედველობს ენერგეტიკული ბაზრების გახსნის დონესა და ეფექტიანობას, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებულ კონკურენციას, მათ შორის, კონკურენციის დარღვევის ან აკრძალვის ნებისმიერ შემთხვევას; ი.გ) ზედამხედველობს ენერგეტიკული ბაზრების გამჭვირვალობის, მათ შორის, საბითუმო და საცალო ფასების გამჭვირვალობის, დონეს და უზრუნველყოფს ენერგეტიკული საწარმოების მიერ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას; ი.დ) აქვეყნებს რეკომენდაციებს წელიწადში ერთხელ მაინც მიწოდების ფასების ამ კანონთან და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში აწვდის აღნიშნულ რეკომენდაციებს სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს; ი.ე) ზედამხედველობს ენერგეტიკულ ბაზრებზე შემზღუდველ სახელშეკრულებო პრაქტიკას, მათ შორის, ექსკლუზიურობის პირობების გამოყენებას, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მსხვილ მომხმარებლებს ხელშეკრულებების ერთდროულად ერთზე მეტ მიმწოდებელთან გაფორმებაში, ან შეზღუდოს მათი არჩევანი, დადონ ამგვარი ხელშეკრულებები; ი.ვ) იცავს სახელშეკრულებო თავისუფლებას მიწოდების წყვეტადი ხელშეკრულებებისა და გრძელვადიანი (10 წელზე მეტი ვადის) ხელშეკრულებების მიმართ, თუ აღნიშნული ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის მოთხოვნებს; ი.ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესებს, ხოლო ორგანიზებული ბაზრის შესაბამისი სეგმენტებისთვის გადასინჯავს და ამტკიცებს ბაზრის ოპერატორების მიერ მომზადებულ ბაზრის წესებს და აღნიშნულ ოპერატორებთან კონსულტაციის შემდეგ ცვლილებები შეაქვს ამ წესებში, აგრეთვე ადგენს ბაზრის ოპერატორების მიერ გამოსაყენებელ საფასურებს და ზედამხედველობს მათ საქმიანობებს; ი.თ) ამტკიცებს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებს; ი.ი) ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე ენერგეტიკული ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესებისთვის მონაცემთა გაცვლის თავსებადობას; კ) ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მიზნით: კ.ა) ზედამხედველობს ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული პირობების შესრულებას, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას; კ.ბ) აკონტროლებს სისტემით მოსარგებლეების მიერ ურთიერთდამაკავშირებლების შესახებ მოთხოვნილი ტექნიკური და კომერციული მონაცემების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას, რათა სისტემით მოსარგებლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დისკრიმინაციის გარეშე მიიღონ მონაწილეობა შესაბამის ენერგეტიკულ ბაზრებზე; კ.გ) ზედამხედველობს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლების გადატვირთვის მართვას და გადატვირთვის მართვის წესების შესრულებას; კ.დ) ამტკიცებს შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მომზადებულ ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე დაშვების წესებს, მათ შორის, სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს, რეგიონულ დონეზე კოორდინირებული ღონისძიებების გათვალისწინებით; კ.ე) თანამშრომლობს ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით ენერგეტიკული გაერთიანების შესაბამისი მხარეების კომპეტენტურ მარეგულირებელ ორგანოებთან და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან; ლ) მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და დავების გადაწყვეტის მიზნით: ლ.ა) უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ღონისძიებების ეფექტიანობას და შესრულებას სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, რათა გარანტირებულ იქნეს: ლ.ა.ა) სამართლიანი და არადისკრიმინაციული მოპყრობა; ლ.ა.ბ) მაღალი ხარისხის მომსახურება; ლ.ა.გ) კონკურენცია და თავიდან იქნეს აცილებული კონკურენციის წინააღმდეგ შემზღუდველი ქმედებები ამ კანონისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით; ლ.ბ) უზრუნველყოფს მომხმარებელთა მოხმარების მონაცემების ხელმისაწვდომობას, ასეთი მონაცემების ქვეყნის მასშტაბით მარტივად გასაგებ, ჰარმონიზებულ ფორმატს საჭიროებისამებრ გამოყენებისთვის და ამ მონაცემების ყველა მომხმარებლისთვის შეუფერხებელ ხელმისაწვდომობას, ამ კანონის 107-ე მუხლის შესაბამისად; ლ.გ) განიხილავს დავებს ამ კანონის 155-ე მუხლისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესების შესაბამისად; მ) ამტკიცებს ადმინისტრაციული წარმოების დებულებას; ნ) ენერგეტიკულ სექტორში კონკურენციის რეგულირების მიზნით: ნ.ა) ამ კანონისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს ენერგეტიკულ სექტორში კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებასა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემას; ნ.ბ) კონკურენციის დარღვევის შემთხვევაში რეგულირებულ საწარმოებს დააკისრებს სანქციებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ნ.გ) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს ენერგეტიკულ ბაზარზე რეგულირებული საწარმოს საბაზრო წილის, აგრეთვე დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესსა და კრიტერიუმებს; ნ.დ) იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კომისიისთვის წარდგენისა და კომისიის მიერ მისი განხილვის წესს; ნ.ე) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს ენერგეტიკულ სფეროში კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის კომისიისთვის წარდგენის წესს, განცხადების/საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირს, კონკურენციის დარღვევის შემთხვევების შესწავლისა და შეფასების საფუძვლებს, საქმის მოკვლევის საფუძველსა და წესს, კონფიდენციალურობის დაცვის, შესაბამისი რეგულირებული საწარმოსგან ან სხვა დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის გამოთხოვისა და სუბიექტის ადგილზე შემოწმების წესს, აგრეთვე საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში სანქციების გამოყენებისა და საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; ნ.ვ) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესს; ო) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბუნებრივი გაზისა და ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორების გამოყენების თაობაზე.
