ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
Article 28. კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველყოფის უფლებამოსილებები
1. თუ კომისია დაადგენს ავტორიზებული პირის საქმიანობის შეუსაბამობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველმყოფ პირობებთან, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით, ან მისთვის, როგორც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისთვის, დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, ან შერწყმის ან წილის შეძენის განხორციელებისას მისთვის დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები.
2. კომისია უფლებამოსილია დააკისროს ან აუკრძალოს გარკვეული მოქმედების შესრულება იმ ავტორიზებულ პირს, რომელიც ბოროტად იყენებს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, ხოლო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები.
3. თუ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც პირდაპირ საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ადამიანთა ჯანმრთელობას ან რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან საოპერაციო პრობლემები შეუქმნას სხვა მიმწოდებლებს ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მომხმარებლებს, კომისია უფლებამოსილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად უზრუნველყოს აღსრულება უშუალო იძულების გამოყენებით.
