1.ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითმოსარგებლისთვის მინიჭებული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია: ა) ისარგებლოს ტყით, თავისი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე; ბ) მოითხოვოს ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვა; გ) ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით მოაწყოს ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების განსახორციელებლად საჭირო სამეურნეო და სხვა სპეციალური დანიშნულების დროებითი ნაგებობები და მუდმივი შენობა-ნაგებობები; დ) ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების განსახორციელებლად ისარგებლოს სატყეო გზებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით; ე) მონაწილეობა მიიღოს ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში, აგრეთვე ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვასა და განხორციელებაში; ვ) ფლობდეს მხოლოდ პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განხორციელებით მოპოვებულ ტყის რესურსებს, ისარგებლოს ამ რესურსებით და განკარგოს ისინი.
2.ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითმოსარგებლისთვის მინიჭებული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ტყითმოსარგებლე ვალდებულია: ა) გაეცნოს ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების წესებს და დაიცვას ისინი; ბ) განახორციელოს მხოლოდ ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობა მასში მითითებულ ადგილებზე, ვადებში და მითითებული მოცულობით; გ) სამუშაოები შეასრულოს ისეთი ფორმით, მეთოდითა და საშუალებით, რომლებიც არ გამოიწვევს ტყის ნიადაგის ეროზიას, აგრეთვე შეზღუდავს ან გამორიცხავს გარემოზე, ტყის მდგომარეობასა და მის აღდგენაზე ტყით სპეციალური სარგებლობის უარყოფით გავლენას; დ) დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, ხოლო ხანძრის საფრთხის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მისი ლიკვიდაციის ღონისძიებები და ხანძრის საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს; ე) დაიცვას ტყით სპეციალური სარგებლობის უსაფრთხოების წესები; ვ) დაიცვას ტყის სანიტარიული დაცვის წესები; ზ) შესაბამის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს ან/და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ აცნობოს უკანონოდ განხორციელებული ტყით სპეციალური სარგებლობის ფაქტების შესახებ; თ) სრულად შეასრულოს ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული სამუშაოები.
