დასაქმების ხელშეწყობის შესახებ
Article 25. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა
1. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის მიზანია იმ ღონისძიებათა ეფექტიანად და რეალისტურად დაგეგმვა, რომლებიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლის შრომის ბაზარზე გააქტიურებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებას.
2. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის საწყის ეტაპად მიიჩნევა სამუშაოს მაძიებლის მიერ უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების სფეროში მიღებული კვალიფიკაცია.
3. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის თითოეული ეტაპისთვის დრო ისეა განსაზღვრული, რომ სამუშაოს მაძიებელს დასაქმების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდეს.
4. სამუშაოს მაძიებელი კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის გაცნობით იღებს ინფორმაციას ამ გეგმის შესაბამისი ეტაპის განხორციელებისთვის საჭირო ყველა რესურსისა და წინაპირობის შესახებ.
5. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) სამუშაოს მაძიებლის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც მისი რეგისტრაციისას იქნა მითითებული; ბ) სამუშაოს მაძიებლის პროფესიული და სამუშაო უნარების აღწერას, ინფორმაციას მისი დასაქმების ხელშემწყობი სხვა უნარებისა და დასაქმების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ; გ) სამუშაოს მაძიებლისთვის შესათავაზებელი დასაქმების სფეროების მიმოხილვას, პროფესიების აღწერას, ინფორმაციას მისთვის სასურველი სამუშაო პირობების შესახებ; დ) სამუშაოს მაძიებლის სააგენტოსთან კავშირისთვის საჭირო საკომუნიკაციო საშუალებას; ე) კარიერის დაგეგმვის სპეციალისტის სახელს, გვარსა და თანამდებობას.
