დასაქმების ხელშეწყობის შესახებ
Article 51. სამინისტროს უფლებამოსილებები
დასაქმების ხელშეწყობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებსა და ტენდენციებზე დაკვირვება; ბ) სამუშაოს მაძიებლის დასაქმებისა და მის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლის უზრუნველყოფის მიზნით სტრატეგიების, პროგნოზებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; გ) შრომის ბაზარზე თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის ნორმატიული ინსტრუმენტების შემუშავება და დამტკიცება, სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით მის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლის უზრუნველყოფა; დ) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, აგრეთვე სექტორული სტრატეგიებისა და სააგენტოს გეგმებისა და პროგრამების შესრულების მონიტორინგი; ე) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, დასაქმების სფეროში შეთანხმებების მომზადება და საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით პროექტების განხორციელება, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ვ) სააგენტოს საქმიანობისა და შესაბამისი პროგრამის ყოველწლიური მონიტორინგისა და შეფასების მიზნით საქმიანობის განხორციელების ყოველწლიური ინდიკატორების შემუშავება და მათი გამოყენების დონის დადგენა.
