Article 32. აქტივების მმართველი კომპანიის აქტივების განაწილება კრედიტორებზე და ლიკვიდაციის დასრულება
1. აქტივების მმართველი კომპანიის სალიკვიდაციო მასა შედგება აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისთვის აქტივების მმართველი კომპანიის კუთვნილი აქტივებისა და ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივებისგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სალიკვიდაციო მასაში არ გაითვალისწინება აქტივები, რომლებიც აქტივების მმართველი კომპანიის საკუთრება არ არის და განეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (მათ შორის, აქტივები, რომლებსაც აქტივების მმართველი კომპანია ფლობს, როგორც ნომინალური მფლობელი).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივების რესტიტუციას ლიკვიდატორი ახორციელებს ამ აქტივების სხვა ფინანსურ ინსტიტუტში გახსნილ ანგარიშზე გადატანით. ამ მიზნით შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტს შეარჩევს ლიკვიდატორი.
4. თუ იმ ანგარიშებზე, რომლებიც კლიენტების აქტივების ერთობლივად აღსარიცხად გამოიყენება, არსებული აქტივების ერთობლიობა აქტივების სრული რესტიტუციისთვის საკმარისი არ არის, აღნიშნული აქტივები შესაბამის კლიენტებს შორის განაწილდება მათი უფლებების პროპორციულად.
